Friday, January 4, 2019

კონტრრეფორმაცია
ევროპაში რეფორმაციას მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის პასუხი, რომელიც კონტრრეფორმაციის სახელითაა ცნობილი. საბოლოოდ კათოლიკურ ქვეყნებად დარჩა იტალია, ესპანეთი, გერმანიის სამხრეთი ნაწილი, შვეიცარიის კანტონების ნაწილი, ირლანდია. XVI საუკუნის ბოლოს კათოლიციზმმა გაიმარჯვა ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში (თანამედროვე ბელგია) და რეჩ პოსპოლიტაში. საფრანგეთში კათოლიციზმი სახელმწიფო რელიგია იყო, მაგრამ პროტესტანტები იქ დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლებით სარგებლობდნენ.
კონტრრეფორმაციის გარეგნულ მხარეს რეფორმატორული მოძრაობის ძალადობრივი ჩახშობა, პროტესტანტების დევნა, ინკვიზიცია და აკრძალული წიგნების ინდექსის შექმნა წარმოადგენდა, შინაარსობრივად კი ეს იყო პროცესი, რომელსაც თვით კათოლიკური ეკლესიის რეფორმა შეიძლება ვუწოდოთ.
1536 წელს პაპმა პავლე მესამემ შექმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებადაც „საღვთო სიყვარულის სამლოცველოს“ ორგანიზაციის წარმომადგენლები მოიწვია. მათი დასკვნით, პაპები და კარდინალები ხშირად იყენებდნენ ეკლესიას „შეუსაბამო განზრახვების“ განსახორციელებლად და მერკანტილურ მიზნებს სულიერ მიზნებზე მაღლა აყენებდნენ. 1545 წელს პავლე მესამის ინიციატივით მოიწვიეს ტრიდენის კრება, რომელსაც ბევრ აქტუალურ რელიგიურ საკითხზე უნდა გაეცა პასუხი. კრებაზე, რომელიც რამდენიმე პაპის პონტიფიკატის განმავლობაში გრძელდებოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილებები არა მხოლოდ დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ეკლესიის სახელის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგაც გამოიცა დეკრეტები.
გარდა ამისა, დაარსდა ახალი ტიპის სამონასტრო ორდენები - თეატინელების, კაპუცინელებისა და იეზუიტების. იეზუიტები აქტიურ მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ როგორც იმ ქვეყნებში, სადაც პროტესტანტიზმი გავრცელდა, ასევე იქაც, სადაც მანამდე საერთოდ არ არსებობდა ქრისტიანობა. ორდენში შესვლისას ფიცი იდებოდა არა მხოლოდ გენერლის, არამედ პაპის წინაშეც. რეჩ პოსპოლიტას კათოლიკურ წიაღში დაბრუნება, დიდწილად, იეზუიტთა დამსახურებად მიიჩნევა.